English / ქართული / русский /
ხათუნა თოდუა
საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზი

ანოტაცია

საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმა შერეულ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს პენსიის უზრუნველყოფას როგორც საბიუჯეტო სახსრებით, ისე დაგროვებითი მექანიზმებით და საპენსიო უზრუნველყოფის ოპტიმალურ მოდელად არის მიჩნეული. ახალი სისტემის თანახმად, მომავალი პენსიის ოდენობას განსაზღვრავს იმ თანხის რაოდენობა, რომელსაც ადამიანი აგროვებს თავისი შრომითი საქმიანობის მანძილზე, ამას გარდა, იარსებებს სახელმწიფო პენსიაც, რომელიც საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება. ამ სისტემის სიცოცხლისუნარიანობა კრიზისების პირობებში  დროით გამოცდილია, თუმცა მისი განხორციელება მარტივი არ იქნება.

საკვანძოსიტყვები:საპენსიო სისტემა, საპენსიო რეფორმა.

 

საპენსიო სისტემის რეფორმა, თავისი არსით, ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტია, რომელსაც მაღალი სოციალური მნიშვნელობა აქვს, მოწყვლადია ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობების მიმართ და ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერესით.

სწორედ ამიტომ, აქტუალურია რეფორმის კონცეფციის ანალიზი, შესაძლო შედეგების გათვალისწინება, საფრთხეების გააზრება და ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მექანიზმების შემუშავება.

2008 წლამდე საქართველოში არსებული საპენსიო უზრუნველყოფის მოდელის პირობებში დასაქმებული მოქალაქეები იხდიდნენ სოციალურ გადასახადს, რომელიც ირიცხებოდა სახელმწიფო საპენსიო ფონდში და ხმარდებოდა არსებულ საპენსიო ვალდებულებებს, თუმცა შემდეგ სოციალური გადასახადი გაერთიანდა საშემოსავლო გადასახადის სტრუქტურაში,  საგადასახადო რეფორმის შედეგად საპენსიო ფონდის ნაცვლად საპენსიო ვალდებულებების დაფინანსება დაეკისრა ცენტრალურ ბიუჯეტს.

არსებული საპენსიო მოდელის ახლით ჩანაცვლებისა და რეფორმის აუცილებლობაზე საუბრები ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტუალური ხდებოდა, რაც საბოლოოდ 2014 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საპენსიო რეფორმის სამსახურის შექმნით დასრულდა. სწორედ აღნიშნული სამსახურია პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნასა და მასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებაზე. 

რეფორმის საწყის ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული პირი (გამოირიცხება თვითდასაქმებული პირები, რომელთა წილი მთლიან სამუშაო ძალაში საკმაოდ მაღალია), რომელთაც ექნებათ 6  თვიანი პერიოდი იმისათვის, რომ უარი თქვან დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე, 6 თვიანი ვადა იქნება ის პერიოდი, რომლის განმავლობაში მონაწილეს ექნება სისტემიდან გამოსვლის შესაძლებლობა. რეფორმა გულისხმობს ნახევრად სავალდებული ტიპის (ჰიბრიდული) საპენსიო სისტემის შემოღებას დასაქმებულთათვის, თუმცა იგი სრულად სავალდებულოა დამსაქმებლისათვის. ამ უკანასკნელზე ნებაყოფლობითი მონაწილეობის უფლება არ გავრცელდება, ის ვალდებული იქნება, თუ დასაქმებული დარჩება სისტემაში და საკუთარი ნებით არ დატოვებს ფონდს, ჩაურიცხოს მას კუთვნილი თანხა.

 ის ადამიანები, ვინც სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე ვერ მოხვდნენ შრომის ბაზარზე და შესაბამისად, არც პენსიის დაგროვების შესაძლებლობა ეძლევათ, განურჩევლად შემოსავლისა, სამუშაო სტაჟისა და ა. შ.  მიიღებენ სახელმწიფო პენსიას, რომელიც დაეფუძნება საარსებო მინიმუმს და უზრუნველყოფს მხოლოდ მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. საკითხი შემდეგნაირად დგას: როგორ უზრუნველვყოთ ღირსეული პენსიით ახლანდელი თაობა და როგორ პენსიას მიიღებენ პერსპექტივაში ახალგაზრდა მოქალაქენი? შესაბამისად, რეფორმა ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან შედგება, ახლანდელ თაობაზე ორიენტირებულია სოლიდარული (გამანაწილებელი) შემადგენელი საპენსიო სისტემისა, მთავრობის მიზანია, რომ არსებული პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გააძლიეროს და გააუმჯობესოს, ამიტომაც შემოღებული იქნება მექანიზმი, რომელიც გაამყარებს სოციალური პენსიის ფუნქციას, რაც მდგომარეობს სიღარიბესთან ბრძოლაში, ანუ საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს,  ,,საჭიროა სოციალური პენსიის ინდექსაცია ინფლაციასთან, რაც სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით გააძლიერებს პენსიის ეფექტურობასა და მნიშვნელობას, და ამავდროულად, გაამყარებს სისტემის ფისკალურ მდგრადობას" (ნიკოლეიშვილი გ., 2013).

მაშინ, როცა დღევანდელი სისტემის პირობებში, პრაქტიკულად, პენსიონერი ინფლაციური მოვლენებისაგან დაუცველია და არ არსებობს მეთოდი, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება, ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ მეთოდის შემოღება, რაც არსებული პენსიონერების უფრო საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ის ეხება მომავალი თაობის პენსიონერებს და მდგომარეობს კერძო დაგროვებითი მოდელის დანერგვაში, რომელიც აპრობირებული მოდელია და ბევრ ქვეყანაში მუშაობს. იმისათვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეიქმნან სამომავლოდ ღირსეული დანამატი პენსიაზე, არსებობს ერთადერთი შესაძლებლობა, და ეს არის შრომითი პენსიის დაგროვებითი კომპონენტის არსებობა და განვითარება. სოციალური პენსია პირდაპირ დაიფარება საბიუჯეტო სახსრებით, დაფუძნებული იქნება საარსებო მინიმუმზე და მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება მიმართული, ხოლო დაგროვებითი პენსია შესაბამის ბენეფიციართა უფრო მაღალ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების აუცილებლობას კიდევ ერთი ფაქტორი განაპირობებს - ,,იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერთა რაოდენობა მზარდია და, გაეროს მონაცემებით, ასაკით პენსიონერები 2050 წლისათვის შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 25 %-ს, ადგილი ექნება სოციალური დანახარჯების მუდმივ ზრდას. გამომდინარე აქედან, აუცილებელია ეტაპობრივად დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, რაც. თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბაზისო პენსიის არამდგრადი ზრდისაგან გამოწვეული წნეხის შემსუბუქებას"  [4, 2013; 57].

ამგვარი საპენსიო უზრუნველყოფის შერეულ პრინციპზე დამყარებული მოდელის დანერგვის შედეგად გაჩნდება დიდი მოცულობის ფინანსური და საინვესტიციო რესურსი, მიახლოებითი შეფასებით, რადიკალური რეფორმის შემთხვევაში, უკვე პირველ სამ წელიწადს ეს იქნება არანაკლებ ნახევარი მილიარდი ლარისა. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ეს რესურსი არის გრძელვადიანი, რადგან საპენსიო პროგრამები არის მრავალწლიანი პროგრამები. კერძო საპენსიო ფონდების მიერ პენსიების ძირითადი ნაწილის გაცემა დაიწყება რეფორმის გატარების დაწყებიდან 15-20 წლის შემდეგ, ამიტომ მოსალოდნელია, რომ საპენსიო ფონდები თავიანთი მობილიზებული ფინანსური რესურსების დიდ ნაწილს განათავსებენ გრძელვადიან საინვესტიციო  პროექტებში, უშუალოდ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში და ა. შ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მომგებიანი და პრიორიტეტული დარგები დამატებით მიიღებენ ინვესტიციებს.

შესაბამისად, გაიზრდება საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და ლიკვიდურობა. დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას, პარალელურ რეჟიმში, მოჰყვება კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში, მოხდება რისკების დივერსიფიკაცია საპენსიო სქემებს შორის. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება მოქალაქეების უზრუნველყოფა ღირსეული სიბერით.

რეფორმას აქვს შემდეგი უპირატესობანი:

  • დაცულია მემკვიდრეობითობის პრინციპი (საპენსიო დანაზოგს პლუს საინვესტიციო მოგება);
  • კერძო საპენსიო ფონდს ვერავინ მიმართავს, რათა მონაწილის საპენსიო აქტივების ხარჯზე მოახდინოს სხვადასხვა ვალდებულებების შესრულება, დაუშვებელია საპენსიო აქტივების დაყადაღება;
  • სქემაში მონაწილის პენსია დაგროვების პროცესში გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან და მისი საპენსიო შემოსავალი დამოუკიდებელია სახელმწიფო ან სხვა კერძო ფონდის პოლიტიკისაგან, ამასთან, მონაწილეს თავისი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეუძლია აქტივი გადაიტანოს სხვა სქემაში;
  • შენატანები ხორციელდება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სასურველ კერძო საპენსიო ფონდში;
  • მონაწილე სარგებლობს პირადი საპენსიო ანგარიშით, სადაც ხდება ანარიცხისა და დარიცხული საინვესტიციო მოგების თავმოყრა. თითოეული მონაწილის საპენსიო აქტივები აკუმულირდება საპენსიო ფონდში და ფონდის მენეჯმენტის მიერ გამოყენებული იქნება საინვესტიციო რესურსების სახით.

მაგრამ, ზემოთქმულთან ერთად, აუცილებელია გაანალიზდეს რეფორმის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებიც, კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი რეფორმა, განსაკუთრებით დღეს არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და საბიუჯეტო პოლიტიკის პრიორიტეტების ფონზე, დგას გარკვეული რისკებისა და გამოწვევების წინაშე, მყიფე მაკროეკონომიკური გარემოს, ქვეყანაში ფაქტობრივად არარსებული კერძო დანაზოგების/შიდა ინვესტიციებისა და მიმდინარე სავალუტო კრიზისის ფონზე, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რეფორმა ვერ იქნება წარმატებული.

პრობლემას ქმნის საპენსიო უზრუნველყოფის სქემაში მონაწილეთა აქტივობისა და პასუხისმგებლობის პროპორციის, სახელმწიფო ხარჯებისა და კერძო სექტორის კონტრიბუციის ეფექტური განსაზღვრის საკითხები. საქმე ისაა, რომ რეფორმას, მართალია, ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი და კონკრეტულ ადამიანს შეეძლება უარი თქვას სისტემაში მონაწილეობაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებაყოფლობითი ელემენტი შეეხება მხოლოდ დასაქმებულს, ხოლო დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისტემაში მონაწილეობა სრულად სავალდებულო იქნება, რაც  დამაბრკოლებელ გარემოებას ქმნის ბიზნესისათვის, ვინაიდან დამსაქმებელს ეზრდება გადასახადი დასაქმებულის ხელფასის 2%-ის ოდენობით, დამსაქმებელს უწევს დასაქმებულის ყოველთვიური სარგოს 2%-ის მიმართვა მისი დაგროვებითი ანგარიშისაკენ; ფინანსური წნეხის შესამსუბუქებლად, მაღალი ალბათობით, დამსაქმებლები შეეცდებიან თავი აარიდონ საპენსიო ფონდში თანხის გადარიცხვას და მიმართონ სხვადასხვა გზებს, მაგალითად, შეუმცირონ დასაქმებულს შრომის ანაზღაურება და ამის ხარჯზე მოახდინონ 2%-ის გადარიცხვა დაგროვებით ანგარიშზე, რასაც, საბოლოო ჯამში, კვლავ დასაქმებულის უფლების შეზღუდვასთან მივყავართ, ასე რომ, სადავო საკითხია შემოთავაზებული რეფორმის სავალდებულო ხასიათი დამსაქმებლის მიმართ, ეს წარმოშობს ფინანსურ წნეხს კერძო ბიზნესზე, რომელიც გაზრდის არაფორმალური დასაქმების მაჩვენებელის დონეს, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში არსებული ეკონომიკისათვის მძიმე დარტყმა იქნება.

დიდი პრობლემა არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა საქართველოში, ვინაიდან საპენსიო სისტემები, როგორც წესი, ახორციელებენ საპორტფელო ინვესტიციებს, განათავსებენ თავიანთ აქტივებს ფასიან ქაღალდებში და ფაქტობრივად, არასოდეს ახორციელებენ პირდაპირ ინვესტიციებს.  საპენსიო სისტემის რეფორმის პირველივე ხანში დაგროვებით საპენსიო ანგარიშებზე აკუმულირდება ასობით მილიონი ლარი, რომელთა განთავსება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შეუძლებელი იქნება, ,,რეფორმის შემთხვევაში დაგროვება იმავდროულად იწყება, მაგრამ საპენსიო დანაგროვის ინვესტირება საკმაოდ პრობლემატურია, თუ შესაბამისი ინსტრუმენტები ქვეყანაში არ არის განვითარებული - გარკვეულ შემთხვევაში ამან ქვეყნის ფარგლებს გარეთ საინვესტიციო რესურსის გადინებაც კი შეიძლება გამოიწვიოს" [ 2, 2013; 31].

ამიტომ აქტივების განვითარებული ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განთავსების შემთხვვეაში მკაცრად უნდა განისაზღვროს საპენსიო აქტივების ნაწილის პირდაპირი ინვესტირება ქართულ ეკონომიკაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყნის ფარგლებს გარეთ საინვესტიციო რესურსის გადინება.

 პრობლემა არის საპენსიო აქტივების კვალიფიციური მართვა მმართველი კომპანიის მიერ და ეფექტური ზედამხედველობა და რეგულირება საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ არაერთ ქვეყანაში საპენსიო ფონდების საქმიანობა ფინანსური სკანდალის მიზეეზი გამხდარა და ეს სისტემები ,,აფეთქებულა"', ამიტომ საერთაშორისო გამოცდილების გათლისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეფორმის გატარებისას.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობაში არ არსებობს ნდობა, განსაკუთრებით კერძო საინვესტიციო კომპანიების მიმართ, აგრეთვე გასათვალისწინებელია საქართველოში მოსახლეობის დაგროვებისა და თვითდისციპლინის დაბალი დონე, რაც, რაღა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია სტაბილურობის განცდასთან, განსაკუთრებით, ეროვნული ვალუტის მიმართ. ყოველივე ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ ახალ სისტემაში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ამას რეფორმის ინიციატორები ვარაუდობენ, ამას გარდა, მოლოდინი, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებით, პენსიაზე გასვლის შემდეგ, მიიღწევა მაღალი სოციალური კეთილდღეობა (საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის განცხადებით)  არ ასახავს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის რეალურ სურათს. სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ,,ღირსეულ პენსიას", რადგან მის უზრუნველსაყოფად საჭიროა მაღალი შენატანების განხორციელება ყოველთვიურად, რისი მიღწევაც შეუძლებელია  დაგეგმილი 6 %-იანი კონტრიბუციით.

ამას გარდა, საქართველოს ეკონომიკისათვის, სადაც ინფლაცია და რისკები დიდია, დაგროვილი რესურსი შეიძლება გაუფასურდეს კიდეც. დაგროვებითი მოდელი ამართლებს იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა მზარდია და ფინანსური ბაზრები განვითარებული, რადგან ასეთ პირობებში დაბანდებული პენსია მაღალ სარგებელს იძლევა.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს (მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებს) და მომავალში ვერ შეამცირებს საბიუჯეტო წნეხს.

აზრთა სხვადასხვაობას იწვევს რეფორმის ჩატარების ვადა, ,,თუ ჩვენ მოქალაქეების მონაწილეობას არასახელმწიფო საპენსიო სისტემაში აუცილებელს არ გავხდით, მაშინ რეფორმა უსაშველოდ გაიწელება, უფრო სწორად, ეს იქნება დარჩენა დღევანდელ სიტუაციაში, ანუ ერთი ადგილის ტკეპნა, მეორე მხრივ, თუ ჩვენ არასახელმწიფო საპენსიო სისტემას გავხდით აუცილებელს, მაშინ შესაძლოა საჭირო გახდეს  შესაბამისი გადასახადის შემოღება. ახალი გადასახადის შემოღება შეიძლება ავირიდოთ თავიდან, თუ შევთანხმდებით, რომ ყოველი მოქალაქის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი წავიდეს ამ მოქალაქის დაგროვებით საპენსიო ანგარიშზე" [1].

დასკვნა

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება საქართველოში გადაუდებელი აუცილებლობაა, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ  ძალისხმევას მთავრობისაგან, გარდა ამისა, რეფორმა დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან, მიუხედავად ამისა, შესაძლებელია დღეს დაიწყოს რეფორმის თავდაპირველი ეტაპი.

საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმა შერეულ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს პენსიის უზრუნველყოფას როგორც საბიუჯეტო სახსრებით, ისე დაგროვებითი მექანიზმებით და საპენსიო უზრუნველყოფის ოპტიმალურ მოდელად არის მაჩნეული. ახალი სისტემის თანახმად, მომავალი პენსიის ოდენობას განსაზღვრავს იმ თანხის რაოდენობა, რომელსაც ადამიანი აგროვებს თავისი შრომითი საქმიანობის მანძილზე, ამას გარდა, იარსებებს სახელმწიფო პენსიაც, რომელიც საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება. ამ სისტემის სიცოცხლისუნარიანობა კრიზისების პირობებში  დროით გამოცდილია, თუმცა მისი განხორციელება მარტივი არ იქნება.

გამოყენებული  ლიტერატურ

1.   ნიკოლეიშვილი  გ, ,,საპენსიო რეფორმის საკითხები საქართველოში",

http://heconomic.wordpress.com/2013/07/09/nikoleishvili/    

2. ,,საპენსიო რეფორმა - გლობალური და ქართული პერსპექტივა", ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიში, 2013.

3. ,,საქართველოს საპენსიო რეფორმა, არსებული სოციალური საპენსიო სისტემის მოდიფიკაცია და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა", საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში, 2016 წ. მარტი.

4. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო - 2020, საქართველოს მთავრობა, 2013 წ. ნოემბერი.